სერბეთში აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით 10 პოლიციელი დააპატიმრეს
სერბეთში საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. მათ 2025 წლის აგვისტოში, ბელგრადში, სამთავრობო კომპლექსის ავტოფარეხში დაკავებული პირების წამებასა და დაშინებას ედავებიან.
უწყების განცხადებით, სამართალდამცველები დაკავებულებზე ძალადობასა და მუქარას ინფორმაციის მოპოვებისა და მათი უკანონოდ დასჯის მიზნით იყენებდნენ. ეჭვმიტანილები ელიტურ საპოლიციო დანაყოფში მსახურობდნენ. მათი ვინაობა ამ ეტაპზე მხოლოდ ინიციალებით არის ცნობილი.
აქციები ქვეყანაში 2024 წელს, ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. დემონსტრანტები ტრაგედიას კორუფციასა და ხელისუფლების დაუდევრობას უკავშირებდნენ. პოლიციას კი აქციების მონაწილეები ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.