უცხოეთი

EUobserver : ნეონაცისტური გზავნილები, კავშირები მოსკოვთან და ალის ვაიდელის თვალთმაქცობა - "ალტერნატივა გერმანიისთვის" [AfD] 13 წლის ელექტრონულმა მიმოწერებმა გაჟონა

6 ნოემბერი, 2026 - 12:35

ნეონაცისტური გზავნილები, კავშირები მოსკოვთან და ალის ვაიდელის თვალთმაქცობა - "ალტერნატივა გერმანიისთვის" [AfD] 13 წლის ელექტრონულმა მიმოწერებმა გაჟონა | წერს გამოცემა EUobserver სტატიას, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიის შიდა მიმოწერის მასშტაბურ გაჟონვას ეხება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გაჟონილი მიმოწერები მიუთითებს რუსეთთან იმაზე ბევრად უფრო მჭიდრო და ღრმა საგარეო-პოლიტიკურ კავშირებზე, ვიდრე ეს აქამდე საზოგადოებისთვის იყო ცნობილი. ამავე ინფორმაციით, ჰაკერებმა მოიპოვეს 284 გიგაბაიტი მონაცემები, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შეხვედრების ოქმები, ხელფასები, სტრატეგიული დოკუმენტები, წევრობის სიები და დონორების სახელები.

2013 წლის მარტიდან 2026 წლის სექტემბრამდე AfD-ის წევრებმა გაცვალეს 400 000-ზე მეტი ელ.წერილი, რომლებიც რეალურად მოიცავს პარტიის მთელ ისტორიას.

სტატიაში ნათქვამია, რომ გაჟონილი წერილები ასევე მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობდა გერმანული პარტია უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას აშშ-ის კონსერვატიულ მოძრაობა MAGA-სა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც ისინი პოტენციურ მოკავშირედ განიხილავდნენ.

"ფოსტა ააშკარავებს პარტიის თანათავმჯდომარის, ალის ვაიდელის ორმაგ სტანდარტსაც - პირადი მიმოწერების მიხედვით, ის სინამდვილეში ბევრად ნაკლებად რადიკალურია, ვიდრე ამას საჯარო პოლიტიკურ სივრცეში აჩვენებს" | წერს გამოცემა EUobserver.

მიუხედავად იმისა, რომ AfD-მ დაადასტურა თავად გაჟონვის ფაქტი, დოკუმენტების სრული აუთენტურობა ჯერ კიდევ გადამოწმების პროცესშია.

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ [AfD] სექტემბერში გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და 3 მანდატი დააკლდა აბსოლუტურ უმრავლესობამდე.