უცხოეთი

Reuters: EU-სა და საფრანგეთის საგარეო უწყების შიდა ანგარიშების მიხედვით, რუსულმა ფარულმა ქსელმა საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი არეულობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა

9 ნოემბერი, 2026 - 17:45

Reuters-ის მიერ მოპოვებული ევროკავშირისა და საფრანგეთის საგარეო უწყების შიდა ანგარიშების მიხედვით, რუსულმა ფარულმა ქსელმა საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი არეულობები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

საფრანგეთში ცხოვრების გაძვირებისა და საჯარო სექტორში არსებული პრობლემების გამო ბოლო კვირებია მასშტაბური და ხშირად ძალადობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სადაზვერვო ანგარიშების თანახმად, კრემლმა ეს შიდა კრიზისი საინფორმაციო ომისთვის გამოიყენა.

რუსულმა ქსელმა, კოდური სახელწოდებით Operation Overload, სოციალურ ქსელებში დაიწყო დასავლური მედიასაშუალებების ყალბი ვიდეოებისა და რეპორტაჟების გავრცელება. ვრცელდებოდა ყალბი ამბები, თითქოს მიგრანტებმა აქციის მონაწილეები გააუპატიურეს, ან თითქოს საფრანგეთში ტერაქტები იგეგმებოდა.

კრემლს სურდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთის ხელისუფლება „სუსტი და ავტორიტარულია“, სიტუაციაზე კონტროლი სრულად დაკარგა და რომ ევროპული მთავრობები საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს უგულებელყოფენ, რათა დახმარება უკრაინას გაუგზავნონ. ისინი ამით უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებასაც ცდილობდნენ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ბოტების გარდა, ამავე თემით – მიგრაციისა და რადიკალური ისლამიზმის კონტექსტში – აქტიურად მანიპულირებდნენ ამერიკულ MAGA [ტრამპის მომხრეების] მოძრაობასთან და ისრაელთან დაკავშირებული სოციალური ქსელების ანგარიშებიც, რომელთა პოსტებმაც მილიონობით ნახვა დააგროვა.