უცხოეთი

2027 წლიდან უნგრეთის ცირკში გარეული ცხოველების მონაწილეობა აიკრძალება

4 სექტემბერი, 2026 - 21:06

2027 წლიდან უნგრეთის ცირკში გარეული ცხოველების მონაწილეობა აიკრძალება - ინფორმაციას ადგილობრივი მედია მთავრობის სპიკერის, ევა მაგიარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ცირკის წარმოდგენებში გარეული ცხოველების გარკვეული სახეობებისა და მათი ჰიბრიდების შეძენა, გამრავლება, ყოლა, წვრთნა, გამოფენა ან მონაწილეობა აიკრძალება. მათივე ცნობით, ბოლო წლებში იზრდება საზოგადოებრივი და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების ზეწოლა, რათა ცირკის წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება შეწყდეს.

ევა მაგიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენებას სულ უფრო ხშირად კრძალავენ. მისი თქმით, უნგრეთში აქამდე მხოლოდ ნაწილობრივი აკრძალვა მოქმედებდა, რის გამოც სხვა, უფრო მკაცრი ქვეყნებიდან აკრძალული ცხოველები უნგრეთის მოძრავ ზოოპარკებში მაინც ხვდებოდნენ.