უცხოეთი

თეთრი სახლი კრემლში გამართულ მოლაპარაკებებს შინაარსიანს უწოდებს - პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში სამხედრო მიზნებს მიაღწევს და "ომის ძირეული მიზეზები" უნდა აღმოიფხვრას

6 სექტემბერი, 2026 - 11:02

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპის წარმომადგენლების მოლაპარაკებები პუტინთან "შინაარსიანი" იყო და შემდეგი ნაბიჯების შესახებ უახლოეს კვირებში გამოცხადდება. თავად სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს პუტინთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები არ გაუკეთებიათ.

Reuters წერს, რომ სამსაათიანი მოლაპარაკებების დროს ტრამპის წარმომადგენლებმა ომის შესაძლო დასრულების რამდენიმე იდეა გააჟღერეს, თუმცა კონკრეტულად რა შესთავაზეს, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. პუტინის წარმომადგენელი უშაკოვი აცხადებს, რომ "მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო". მისივე თქმით, რუსულმა მხარემ ამერიკელებს გააცნო თავისი ხედვა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა საკუთარ მოთხოვნებს.

ამავე ინფორმაციით, პუტინმა აშშ-ის წარმომადგენლებს, განუცხადა, რომ "რუსეთი თავის სამხედრო მიზნებს უკრაინასთან ომში აუცილებლად მიაღწევს" და აღნიშნა, რომ უკრაინაში "ომის ძირეული მიზეზები უნდა აღმოიფხვრას".

უშაკოვის თქმით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ კიევში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ვითარების რუსეთის მიერ წარმოდგენილ შეფასებებს გამოიყენებენ. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლებოდა და განიხილეს შესაძლო მსხვილი რუსულ-ამერიკული პროექტებიც. 

ტრამპის წარმომადგენლებმა მოსკოვში რუსული დელეგაციისთვის საჩუქრებიც ჩაიტანეს. უიტკოფმა და კუშნერმა რუსეთის წარმომადგენლებს სამახსოვრო მონეტები აჩუქეს წარწერებით: „მშვიდობა სიძლიერის გზით". უიტკოფმა კი პუტინთან ურთიერთობას დასამახსოვრებელი ისტორია უწოდა: "პენსიაზე გასვლის შემდეგ, კრემლში პუტინთან შეხვედრებს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო და დაუვიწყარ მომენტებად გავიხსენებ" - თქვა მან.

პუტინსა და ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა კრემლში გუშინ გაიმართა და სამ საათზე დიდხანს გაგრძელდა. უიტკოფმა და კუშნერმა რუსეთი უკვე დატოვეს. დღეს ისინი კიევში ჩავლენ.