უცხოეთი

უკრაინულმა ბრენდმა JULIYA KROS-მა მოდის კვირეულზე ადაპტირებული კოლექცია ვეტერანების მონაწილეობით წარადგინა

6 სექტემბერი, 2026 - 11:39

უკრაინულმა ბრენდმა JULIYA KROS-მა მოდის კვირეულზე ადაპტირებული კოლექცია ვეტერანების მონაწილეობით წარადგინა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩვენების მთავარი გზავნილია, რომ ტანსაცმელი უნდა ერგებოდეს შეცვლილ სხეულებს და არა პირიქით. კოლექციის სამოსი პოდიუმზე მე-3 საარმიო კორპუსისა და „აზოვის“ ბრიგადის ვეტერანებმა წარადგინეს, რითაც გაგრძელდა ტრადიცია, რომელსაც ბრენდი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე იყენებს.

გამოცემა წერს, რომ კოლექციაზე მუშაობის პროცესში, რუსულმა თავდასხმამ ქალაქ სუმში ბრენდის საწარმო დააზიანა. გუნდი უვნებლად გადარჩა და ზიანის მიუხედავად, მუშაობა მაინც განაგრძო, რამაც კოლექციის სახელს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შესძინა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოსთვის უკრაინაში ვეტერანთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, რაც ადაპტირებული ტანსაცმლის შექმნას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებად აქცევს.

"ჩვენ ვქმნით ადაპტირებულ ტანსაცმელს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო კომფორტული გავხადოთ, სამოსი კი დარჩეს მოდური. კიდურის დაკარგვის მიუხედავად, ყველას აქვს ლამაზი და კომფორტული ტანსაცმლის ტარების უფლება“ - აცხადებს დიზაინერი და ბრენდის დამფუძნებელი, იულია პერეკრიოსტოვა.