რა ყალბი რუკებიც არ უნდა წარუდგინონ გენერლებმა პუტინს, რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს და ვერც გაიმარჯვებს
რა ყალბი რუკებიც არ უნდა წარუდგინონ გენერლებმა პუტინს, რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს და ვერც გაიმარჯვებს. მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს პირობები უკარნახოს | წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე.
"გთავაზობთ ფრონტის დინამიკის შესახებ დამოუკიდებლად გადამოწმებულ რამდენიმე მაჩვენებელს, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი ამ ომში არ იმარჯვებს და ვერც გაიმარჯვებს. ღია წყაროების თანახმად, 2026 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ და უკრაინის მიერ გათავისუფლებულ ტერიტორიებს შორის სუფთა ბალანსმა დაახლოებით +5 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი მიახლოებითია, ტენდენცია აშკარაა. ამავდროულად, მოსკოვმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით სულ მცირე 42 000 სამხედრო დაკარგა, რაც ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ღია წყაროების მონაცემები აჩვენებს, რომ მხოლოდ 2026 წლის აგვისტოში, რუსულ თავდასხმებზე საპასუხოდ, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე უკრაინის მხრიდან განხორციელებული შორეული დარტყმების სარეკორდო - 70 წარმატებული შემთხვევა დაფიქსირდა [რაც 5-ით მეტია ივლისის მაჩვენებელზე].
2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, რუსეთის ისედაც ნელი წინსვლის საშუალო ტემპი 3.5-ჯერ უფრო ნელი იყო, ვიდრე 2025 წელს. მიმდინარე წელს რუსეთმა უკრაინის დამატებითი ტერიტორიის 0.2%-ზე ნაკლები დაიკავა. დონბასშიც კი, სადაც რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ, რუსეთმა ვერ შეძლო ოპერატიული გარღვევის მიღწევა და კვლავ ვერ აკონტროლებს დონეცკის ოლქის 20%-ს.
არსებული ტემპით, რუს ოკუპანტებს დარჩენილი ტერიტორიის დასაკავებლად ორ წელზე მეტი დასჭირდებათ. რა ყალბი რუკებიც არ უნდა წარუდგინონ რუსმა გენერლებმა პუტინს, რეალობა ბრძოლის ველზე აჩვენებს, რომ ის ამ ომში არ იმარჯვებს და ვერც გაიმარჯვებს. რუსეთის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შორეული დარტყმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უუნარობის გათვალისწინებით, ვითარება რუსეთისთვის მხოლოდ გაუარესდება.
დიახ, უკრაინისთვის ძალიან რთულია - ჩვენი მეომრებისთვის, ფრონტისპირა დასახლებებისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელში ვართ, ომის, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია. ამან, ამა თუ იმ ფორმით, ყველა ოჯახს დაატყო კვალი. თუმცა აშკარაა, რომ მოსკოვიც შორს არის ძლიერი პოზიციებისგან და მით უმეტეს, ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ პირობები უკარნახოს ვინმეს." | წერს სიბიჰა.