"ჩვენ არ გვინდა ტანჯვა და სიკვდილი. ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს სამართლიანად" | ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებს
კიევში, მარიინსკის სასახლეში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. უკრაინული მედია შეხვედრის ამსახველ პირველ ფოტომასალას აქვეყნებს. მედიის ცნობით, უახლოეს საათებში მოლაპარაკებების ფორმატი გაფართოვდება და მოსალოდნელია, რომ ამერიკულ-უკრაინულ დიალოგს ევროპის წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. მათ შორის არიან ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია
ზელენსკიმ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამჟამად მთავარ მომლაპარაკებლად ტრამპი გვევლინება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია არა უბრალოდ ომის დასრულება, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა, რაც გამორიცხავს ახალი რუსული აგრესიის შესაძლებლობას.
„ჩვენ არ გვინდა ტანჯვა და სიკვდილი. ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს სამართლიანად და ისე, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შესაძლებლობა აღარასოდეს მიეცეს“ | განაცხადა ზელენსკიმ
"ტრამპს სურს არა უბრალოდ ომის დასრულება, არამედ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობისთვის პირობების შექმნა", | განაცხადა ჯარედ კუშნერმა ამავე შეხვედრაზე. მისი თქმით, მომავალმა შეთანხმებებმა უნდა გამორიცხოს ახალი ომის დაწყება და უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, ომის წლებში გამოვლენილი ძალა ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს.
„ჩვენ იმედით ვართ აღვსილნი და მზად ვართ მუშაობა გავაგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, | თქვა შეხვედრის მიმდინარეობისას აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა
ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის განსახილველად, აშშ-ის დელეგაცია სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შემადგენლობით უკრაინის დედაქალაქში დღეს მატარებლით ჩავიდა, რასაც წინ უძღოდა მათი სამსაათიანი შეხვედრა კრემლში პუტინთან.