გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში 100 დღეში დავხურავ საზღვრებს და განვახორციელებ მასშტაბურ დეპორტაციებს | ალის ვაიდელი
გერმანიაში 6 სექტემბერს გამართულ რეგიონულ არჩევნებში, საქსონია-ანჰალტში, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე გავიდა მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირი“.
ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანიაში უკიდურესად მემარჯვენე ძალამ რეგიონულ არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა - წერს Reuters.
პარტიის ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა „რეკორდულ შედეგებს“ აჩვენებს არა მხოლოდ საქსონია-ანჰალტში, არამედ აღმოსავლეთ გერმანიასა და მომავალში ფედერალურ დონეზეც.
პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.
ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.
ალის ვაიდელის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში: „პირველი 100 დღის განმავლობაში დავხურავ საზღვრებს, გავაუქმებ მიგრანტებისთვის სოციალურ შეღავათებს და განვახორციელებ გერმანიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციებს.“
ალის ვაიდელსა და მის პარტიას უკრაინის მიმართ რადიკალურად ნეგატიური პოზიცია აქვთ და ომის დაწყებიდანვე აქტიურად გამოდიან უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ. ვაიდელი კატეგორიულად მოითხოვს, რომ გერმანიამ შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღისა და ფულადი დახმარების მიწოდება.