უცხოეთი

თქვენ ან ჩვენთან ხართ, ან ირანელებთან | აშშ-ის ფინანსთა მინისტრი

31 აგვისტო, 2026 - 13:02
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, სავარაუდოდ, ყოველკვირეულად წარადგენს ახალ მეორად სანქციებს, რომლებიც ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას ისახავს მიზნად, ხოლო საწყისი ფოკუსი ბანკებზე იქნება მიმართული | განუცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა სააგენტო Reuters-ს.
 
მას შემდეგ, რაც პარასკევს, ირანთან სავარაუდო ფინანსური კავშირების გამო სანქციები დაუწესდა ეგვიპტური ბანკის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ფილიალებს, ბესენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემიდან სრული გათიშვა იყოს.
 
„თქვენ მსგავს ქმედებებს ყოველკვირეულად კიდევ ბევრს იხილავთ. ჩვენ ბანკებით ვიწყებთ და მათ ვეუბნებით, რომ ირანული ფულის ფლობა და რეჟიმის დახმარება დაუშვებელია“ | განაცხადა ბესენტმა დიდი ოცეულის ფინანსთა ლიდერების შეხვედრის წინ.
 
ბესენტის თქმით, იგი აპირებს ეს გზავნილი მკაფიოდ მიიტანოს G20-ის ფინანსთა მინისტრებთან და ცენტრალური ბანკების მმართველებთან, რათა მათ გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეორადი სანქციები შეეხებათ: „არანაირი გაჟონვა არ უნდა მოხდეს. თქვენ ან ჩვენთან ხართ, ან ირანელებთან"
 
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასულ კვირას დაიწყო ახალი, მასშტაბური კამპანია სახელწოდებით "ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი", რომლის მიზანიც ირანის სრული საერთაშორისო იზოლაციაა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ფინანსური სისტემიდან გათიშეს საამიროებში მდებარე უმსხვილესი ეგვიპტური ბანკის - Banque Misr UAE-ს ფილიალი. გარდა ამისა, აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა [OFAC] სანქციები დაუწესა ირანული ბანკის - Bank Melli-ს დუბაის ფილიალის მენეჯერს, რეზა მოჰამად თაედის და ჰონგ-კონგში ბაზირებულ ფიქტიურ კომპანიას, რომელიც, OFAC-ის ცნობით, ირანულ სანქცირებულ სავალუტო პუნქტს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა