უცხოეთი

პუტინმა მარატ კამბოლოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტად" არჩევა მიულოცა

19 სექტემბერი, 2026 - 18:31
პუტინმა მარატ კამბოლოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტად" არჩევა მიულოცა:
 
 "მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ დაადასტურა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობებს მეგობრული და სამოკავშირეო ხასიათი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ თანმიმდევრულ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებში.
გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
პატივისცემით, ვლადიმერ პუტინი“ | ნათქვამია მისალოც წერილში.
 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება:
 
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის ფონზე და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს მეთაურის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები შემდგარად გამოაცხადა. პირველი ადგილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და მთავრობის თავმჯდომარემ, მ.ა. კამბოლოვმა დაიკავა.
შედეგები მოწმობს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების ფართო მოთხოვნაზე შიდაპოლიტიკურ სტაბილურობაზე, პროგრესსა და რუსეთის ფედერაციასთან კავშირების ყოველმხრივ განვითარებაზე.
რუსი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ნების გამოხატვის პროცესი შეესაბამებოდა სახალხო კენჭისყრის ორგანიზებისა და ჩატარების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს. არჩევნებმა დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთი წარმატებით წყვეტს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცედურების განმტკიცების ამოცანებს.
რუსეთი მიზნად ისახავს მოძმე რესპუბლიკასთან და მის პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს სამოკავშირეო ურთიერთობები და ინტეგრაცია ჩვენს ქვეყნებს შორის“ | ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის კანდიდატმა მარატ კამბოლოვმა "გაიმარჯვა". საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ცენტრალურმა საარევნო კომისიამ ხმების 99% დაითვალა. მათი ინფორმაციით, "არჩევნებში" აქტივობა 73,2% იყო, რაც 32 000-ზე მეტი ამომრჩეველია