ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასშტაბური იერიში განხორციელდა
ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასშტაბური იერიში განხორციელდა - ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს | ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, რუსეთის დედაქალაქის მისადგომებთან 1600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ღამის 03:00-დან 05:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 17 რაიონში 249 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ვორობიოვის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი.
მოსკოვის აეროპორტებში მოქმედი შეზღუდვების გამო 30-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ მოახერხა. შერემეტიევოს აეროპორტში მიმავალი დაახლოებით 25 თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. ამასთან, ვნუკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებით შეაჩერა. აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
მედია წერს, რომ რამენსკოეში დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს. შენობიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ცნობით, დაზიანდა 20 ავტომობილი. რაიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დრონი სავაჭრო ცენტრსაც მოხვდა.