უკრაინამ დონეცკის ოლქში 125 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა
უკრაინის მესამე საარმიო კორპუსმა, მიმდინარე „ოპერაცია ვივალდის“ ფარგლებში, დონეცკის ოლქში სრული კონტროლი დაამყარა დრობიშევეზე და გაათავისუფლა დასახლებული პუნქტები - შანდრიჰოლოვე და დერილოვე | ამის შესახებ 20 სექტემბერს დანაყოფის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე მესამე საარმიო კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა: „მესამე საარმიო კორპუსი მსოფლიოში პირველია, რომელმაც სახმელეთო რობოტიზებული სისტემების ჰაერიდან დესანტირება დაიწყო. ჩვენს მძიმე ბომბდამშენ დრონებს კამიკაძე-სახმელეთო დრონები მტრის ზურგში, 10 კილომეტრზე მეტ სიღრმეში გადააქვთ“.
ოფიციალური განცხადების თანახმად, „ვივალდის“ პირველი ორი სეზონის განმავლობაში, კორპუსმა და მასთან მიმაგრებულმა დანაყოფებმა უკრაინის კონტროლს 125 კვადრატული კილომეტრი დაუბრუნეს, საიდანაც 50 კვ.კმ უშუალოდ ბოლო ოპერაციის დროს დეოკუპირდა.
DeepState-ის ანალიტიკოსების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გათავისუფლებული ტერიტორიებიდან აღმოსავლეთით წინსვლას განაგრძობენ, სადაც დეოკუპირებული ფართობი უკვე 43,5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
"მტერი ამ მონაკვეთზე განადგურებული და დეორგანიზებულია. ოკუპანტები გარღვევის ამოსავსებად სპეცდანიშნულების დანაყოფების გადმოსროლას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ და დიდი დანაკარგებით. რუსი გენერლები საკუთარი ტყუილისა და მარცხის გადაფარვას ადამიანების სიცოცხლის ფასად ცდილობენ“ - განაცხადა მესამე არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილემ, პეტრო ჰორბატენკომ.