ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთი ჰუმანიტარულ ბლოკადას ქმნის | სიბიჰა
"რუსეთი განზრახ ქმნის ჰუმანიტარულ კატასტროფას ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე. ოკუპანტები ბლოკავენ სურსათისა და მედიკამენტების მიწოდებას, ხელს უშლიან ჰუმანიტარული მისიების მუშაობასა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას. ადამიანებს ფაქტობრივად ართმევენ არჩევანს, მასთან ერთად კი გადარჩენის შანსს.
განსაკუთრებით კრიტიკული ვითარებაა ოლეშკიში. სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ქალაქში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი იქ მხოლოდ 2 ათასამდე მცხოვრები რჩება, მათ შორის, 50-მდე ბავშვია. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სრულად ბლოკირებული იყო სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების სხვა საგნების მიწოდება.
ოკუპირებული ოლეშკიდან მოდის შემზარავი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები გადარჩენას რუსეთის მიერ შექმნილი ბლოკადის პირობებში: ისინი ეძებენ საკვების ნარჩენებს და აგროვებენ ბალახს, რადგან სხვა საკვები უბრალოდ არ არსებობს.
რუსული ტერორის ცალკეული საზომია ნადირობა მშვიდობიან მოქალაქეებზე. რუსული FPV-დრონები დევნიან და თავს ესხმიან ადამიანებს, რაც სახლიდან გამოსვლის ან ქალაქში გადაადგილების ნებისმიერ მცდელობას სასიკვდილო რისკად აქცევს.
ვითარება კრიტიკული რჩება გოლაია პრისტანში, სტარაია ზბურიევკასა და ნოვაია ზბურიევკაშიც. რუსეთს ოკუპირებული ხერსონის ნაწილი ფაქტობრივად ჰუმანიტარულ ბლოკადაში ჰყავს მოქცეული. აქ კი მნიშვნელოვანია, არ მივცეთ რუსეთს უფლება, ეს კატასტროფა სიტყვა „კრიზისით“ შენიღბოს.
ადამიანების დახმარების შესაძლებლობები არსებობს და უკრაინა ორგანიზებულ ევაკუაციას მოითხოვს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზად არის პროცესში ჩასართავად, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები კი დახმარების მისაწოდებლად. არსებობენ მოხალისეებიც, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ, რათა ადამიანებს საკვები და წყალი მიუტანონ. ერთადერთი დაბრკოლება - რუსეთია.“ | წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე განცხადებით, უკრაინა სისტემატურად აყენებს ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საკითხს საერთაშორისო პლატფორმებზე, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში.
"უკრაინელმა დიპლომატებმა მკაფიო დავალებები მიიღეს. ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ საერთაშორისო ზეწოლის მობილიზება, რომელიც აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად, სურსათისა და მედიკამენტების მისაწოდებლად და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ოკუპირებულ ხერსონში ჰუმანიტარული კატასტროფის განზრახ შექმნისთვის.
ის, რაც ხდება ოლეშკიში და ხერსონის ოლქის სხვა ოკუპირებულ თემებში, არ შეიძლება წარმოჩნდეს როგორც ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც თავისთავად წარმოიქმნა. რუსეთმა მოახდინა ამ ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთი ბლოკავს დახმარებას. რუსეთი ხელს უშლის ევაკუაციას და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავისი ქმედებების შედეგებზე.ჩვენ არ დავუშვებთ ამ დანაშაულის მიმალვას ფრონტის ხაზს მიღმა" | წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა.