EU-მა და 50-მა ქვეყანამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოცაა გაეროში უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის სხდომის წინ გამოქვეყნდა.
ხელმომწერებმა უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მთელი უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების ესკალაციის გამო, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების გამო და მხარი დაუჭირეს შავი ზღვის შეთანხმების დადებისკენ მიმართულ ძალისხმევას ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტიდან უკრაინა დათანხმდა ცეცხლის სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას. - „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ბოლოს და ბოლოს იგივე გააკეთოს – ეს არის აუცილებელი ნაბიჯი კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე“ - ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადებას მხარი დაუჭირა 50-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა (უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, კოსტა-რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი). ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებენ.
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია ნიუ-იორკში მიმდინარეობს.