უცხოეთი

ევროპელმა მინისტრებმა G20-ის შეხვედრაზე რუს კოლეგასთან ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

1 სექტემბერი, 2026 - 12:40

ევროპელმა მინისტრებმა G20-ის შეხვედრაზე რუს კოლეგას ბოიკოტი გამოუცხადეს და მასთან ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი სამიტზე ვაშინგტონმა მიიწვია, რამაც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების მწვავე პროტესტი გამოიწვია.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა, დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა კატეგორიული უარი თქვეს სილუანოვთან ერთად ტრადიციული, ე.წ. ოჯახური ფოტოს გადაღებაზე.
ისინი ორგანიზატორებს ბოიკოტით დაემუქრნენ, რის გამოც რუსი მინისტრი ოფიციალური ფოტოდან საერთოდ ამოიღეს.

ჩრდილოეთ კაროლინაში, ეშვილში გამართული შეხვედრა G20-ის პირველი შეკრებაა, რომელსაც რუსეთის უმაღლესი ფინანსური პირი 2022 წლის, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველად ესწრება.

აშშ-ის მიერ, რომელიც ამჟამად „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეა, რუსეთის წარმომადგენლის მოულოდნელმა მიწვევამ ევროპელი დელეგატების აღშფოთება გამოიწვია:

„ვისურვებდი, ამერიკულ მხარეს უფრო მკაფიოდ დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ მას აქ, როგორც ჩვეულებრივ სტუმარს, ისე არ უნდა შეხვედროდნენ“ - განუცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა ჟურნალისტებს.