მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი ელენა წერეთელი და მათი 19 წლის შვილი, დარია მოკლეს
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი ელენა წერეთელი და მათი 19 წლის შვილი, დარია მოკლეს - დაკავებულია ქართველი კაცი, რომელიც, რუსული მედიის ინფორმაციით, მოკლული ელენა წერეთლის პარტნიორი იყო
როგორც მედია წერს, ქალის ცხედარი მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მას შემდეგ იპოვეს, რაც მისი რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ მისმა დამ სამართალდამცველებს მიმართა. „მაშველებმა ბინის კარი გააღეს და აივანზე ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც პარკში იყო მოთავსებული“ - წერს რუსული მედია. ამის შემდეგ, მათივე ინფორმაციით, გამოძიება ქალის პარტნიორზე გავიდა, რომელიც რუსეთში ბინადრობის უფლების მქონე ქართველი ბიზნესმენი, 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილია
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს ბიზნესმენის 19 წლის შვილიც
გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მისი გადაადგილების მარშრუტები ვიდეოკამერების ჩანაწერების საფუძველზე მაქსიმალური დეტალიზაციით აღადგინეს. ცნობილია, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა ქალი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის თანამონაწილეობას ედავება