უცხოეთი

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ლაიპციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონების უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგას

2 სექტემბერი, 2026 - 18:19

გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა რუსეთის სპეცსამსახურებს 4-5 აგვისტოს ღამეს, ლაიპციგ/ჰალეს სტრატეგიულ აეროპორტში მომხდარ ინციდენტში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების გამოყენებით უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების განადგურებას ისახავდა მიზნად.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა და შს მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადეს, რომ სადაზვერვო მონაცემები და გამოძიების შედეგები, მათ შორის, დნმ-ის კვალი, რომელიც ემთხვევა ივლისში DHL-ის ლოგისტიკურ ცენტრებში მომხდარი ხანძრების მტკიცებულებებს და ლიეტუვიდან იყო გამოგზავნილი, პირდაპირ „რუსულ კვალზე“ მიუთითებს.

 „რუსეთმა წამოიწყო ესკალაცია და ახლა შედეგებით უნდა იცხოვროს“ | განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.

ბერლინის გადაწყვეტილებით, საპასუხოდ დაუყოვნებლივ იხურება რუსეთის გენერალური საკონსულო ბონში და წყდება ბერლინის ცენტრში მდებარე „რუსული სახლის“ იჯარის ხელშეკრულება. ევროკავშირის დონეზე კი მზადდება ახალი სანქციები, მათ შორის რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.

გერმანელი მინისტრების განცხადებით, გერმანია "არ იმყოფება ომში" რუსეთთან, თუმცა ქვეყანა გახდა რუსული "ომის სამიზნე".

გერმანიის ხელისუფლების მიერ რუსეთის დადანაშაულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

4-5 აგვისტოს ღამით, ლაიპციგის აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონები. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებმა მათი დროული გაუვნებელყოფა შეძლეს, რამაც თავიდან აიცილა აფეთქება.

ლაიპციგის აეროპორტი ნატო-ს მოკავშირეებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო და ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვის ცენტრია. ევროკავშირის პოზიციაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი ამ ლოგისტიკური ჯაჭვის პარალიზება და იარაღით დატვირთული სატვირთო თვითმფრინავების განადგურება იყო.