კიევში კომენდანტის საათი მცირდება, ქვეყანაში საფრთხის ყვითელი და წითელი დონეები და განსხვავებული ხმოვანი სიგნალები შემოაქვთ
უკრაინა საფრთხის ორ დონეს - ყვითელსა და წითელს შემოიღებს, რომლებსაც განსხვავებული ხმოვანი სიგნალები ექნება. როდის ამოქმედდება ახალი სისტემა ჯერ უცნობია.
უკრაინის პრეზიდენტი დღეს პრემიერმინისტრ სერჰი კორეცკის შეხვდა, სადაც უკრაინის ქალაქების დაბომბვისას რუსეთის შეცვლილ ტაქტიკასთან ადაპტაციის ზომები განიხილეს.
"ყვითელი დონე ეფუძნება დრონების დარტყმას, ხოლო წითელი დონე - სარაკეტო საფრთხეს, მათ შორის ბალისტიკური თავდასხმების საფრთხეს, ისევე როგორც მასირებულ იერიშებს“, | განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ გენერალური შტაბი, თავდაცვის სამინისტრო და სამთავრობო უწყებები ყოველკვირეულად გადახედავენ ყვითელი და წითელი დონეების შესაბამისი საფრთხის დეტალურ ინდიკატორებს.
კიევში კომენდანტის საათის დრო შემცირდება. კიევის მეტროს სირეცკო-პეჩერსკაიას [მწვანე] ხაზი კი სრულად იმუშავებს ყვითელი განგაშის დონის დროს.
წითელი, სვიატოშინსკო-ბროვარსკაიას ხაზი, რომელსაც უფრო გრძელი ღია მონაკვეთები აქვს, გააგრძელებს მუშაობას ისე, როგორც ადრე, თუმცა ზელენსკიმ გასცა ბრძანება სახმელეთო ტრანსპორტის ორგანიზების შესახებ, რათა კომპენსირდეს შეჩერებები.
ობოლონსკო-ტერემკოვსკაიას [ლურჯი] ხაზი მთლიანად მიწისქვეშ გადის და მასზე მოძრაობა საჰაერო განგაშის დროს არ წყდება.
ბოლო დღეებში რუსეთმა შეცვალა უკრაინის ქალაქების, განსაკუთრებით კიევის დაბომბვის ტაქტიკა და მისი მიმართულებით თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში უშვებს დრონების მცირე ჯგუფებს, რის გამოც საჰაერო განგაშის სირენები პრაქტიკულად შეუჩერებლად მუშაობს.
"მე ასევე გავეცი ბრძანება, შემუშავდეს განგაშის უფრო მკაფიო გეოგრაფიული დიფერენცირება, რათა განგაში და რეაგირება მოხდეს ზუსტად იმ მხარეში, სადაც საფრთხე ობიექტურად არსებობს“, | აღნიშნა ზელენსკიმ.