კრიმინალი

დაეუფლნენ თანასოფლელების 1 470 170 ლარსა და 6 600 დოლარს | მარნეულში 2 პირი დააკავეს

16 ოქტომბერი, 2026 - 10:59

შსს-ს განცხადებით, მარნეულში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს შეუთანხმდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც შემდგომ საზღვარგარეთ გაყიდდნენ. შეთანხმების თანახმად, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა თანასოფლელებს შორის უნდა განაწილებულიყო.

ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია განახორციელეს, თუმცა შეთანხმებული პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

მათვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.