ირანის განცხადებით, დღეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელეს. მათივე ცნობით, "დარტყმები კუნძულ ლარაკზე ამერიკული თავდასხმის შემდეგ თავდაცვის აქტს წარმოადგენს".
სამინისტროს განცხადებით, კვირა საღამოს აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, დაშავა რამდენიმე ადამიანი და გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. უწყების ცნობით, ირანის ძალებმა განახორციელეს „თავდაცვითი და შემაკავებელი დარტყმები“ აშშ-ის იმ ბაზებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ ამ თავდასხმას.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ გამოიყენებს ლეგიტიმური თავდაცვის უფლებას და გადამწყვეტ პასუხს გასცემს მტრის ყოველგვარ სამხედრო აგრესიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ დასძინა, რომ "ვაშინგტონი სრულად აგებს პასუხს ამ დარტყმის, საზღვაო ბლოკადისა და იმ პროცესების შედეგებზე, რასაც თეირანი ეკონომიკურ ომს უწოდებს". მან ასევე გააფრთხილა ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის ოპერაციებს ეხმარებიან, რომ ისინიც გაინაწილებენ პასუხისმგებლობას