უცხოეთი

უკრაინამ სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა

3 სექტემბერი, 2026 - 16:26

უკრაინამ სოჭის პორტსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ სოჭის პორტზე, სავარაუდოდ, შეტევა უპილოტო კატერებით მოხდა. მათივე ცნობით, რუსეთის საკურორტო ქალაქამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო კატერმა მიაღწია და აფეთქდა. მანამდე, სოჭის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ სულ მცირე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქზეც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, კუბინკაში, ნარო-ფომინსკის გზატკეცილზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, ხანძარი მერვე და მეცხრე სართულების დონეზე გაჩნდა. შენობიდან ათი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, დაშავებულები არ არიან.