სომხეთმა ჟურნალისტი ილია დანილოვი მოთხოვნის მიუხედავად რუსეთს არ გადასცა და საქართველოში დაბრუნების უფლება მისცა
სომხეთის ხელისუფლებამ უარი თქვა გამოცემა SOTA-ს ჟურნალისტის, ილია დანილოვის რუსეთში ექსტრადიციაზე და მას საქართველოში დაბრუნების უფლება მისცა. დანილოვმა საზღვარი უკვე გადმოკვეთა და საქართველოში იმყოფება | ინფორმაციას novayagazeta.eu ავრცელებს.
ჟურნალისტმა საქართველო 1 აგვისტოს დატოვა, რათა საზღვრის კვეთით განეახლებინა ქვეყანაში ყოფნის ვადა და დაეცვა საიმიგრაციო კანონმდებლობა, რა დროსაც იგი სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობისა და არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით. თავად ჟურნალისტი რუსეთის ხელისუფლებას შეყვანილი ჰყავს „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ ოფიციალურ რეესტრში.
დანილოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში ეკრძალებოდა სომხეთის დატოვება, სანამ ოფიციალური ერევანი რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნას სამართლებრივად განიხილავდა.