საზოგადოება

Veterinarium: ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა

3 ნოემბერი, 2026 - 12:13

წითელ ნუსხაში შეტანილი ბატკანძერი მოკლეს - ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium ავრცელებს.

ფრინველის გადარჩენას ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდნენ. პანკისის ხეობაში ნაპოვნი და მკურნალობის შემდეგ ბუნებაში დაბრუნებული ფრინველი ახმეტაში დაჭრილი იპოვეს. თბილისის ზოოპარკში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვეტერინარების ცნობით, საქართველოში ბატკანძერის მხოლოდ 20-25 წყვილი ბინადრობს. 

„ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა.

მისი ისტორია ივნისის ბოლოს დაიწყო, როცა პანკისის ხეობაში დაუძლურებული ბარტყი იპოვეს, რომელიც ფრენას ვეღარ ახერხებდა და თბილისში ჩამოიყვანეს. მპოვნელებმა მას ლუხუმა დაარქვეს.

ვეტერინარიუმში ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ კუჭში ქვები ჰქონდა. ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ბატკანძერს ქვები გასტროსკოპიის საშუალებით ამოუღო, ანესთეზია კი გიორგი მახარაძემ წარმართა. მოგვიანებით, სავარაუდო პოქსვირუსული ინფექციის გამო, მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. ვეტერინარიუმის, თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები და მის გადარჩენაში ჩართული გუნდის წევრები თვეების განმავლობაში უვლიდნენ, მკურნალობდნენ და ბუნებაში დასაბრუნებლად ამზადებდნენ.

ოქტომბერში, გამოჯანმრთელებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ლუხუმა პანკისის ხეობაში, ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. გათავისუფლებამდე ლუკა ტყემალაძემ და ლექსო გავაშელიშვილმა მას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილებისთვის თვალყური ედევნებინათ.

3 დღის წინ მისგან მიღებულმა პირველმა სიგნალმა ყველა გაგვახარა, გუშინ კი ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა: თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია და ფრინველი მიყვანიდან მალევე დაიღუპა. აქვე განვმარტავთ, რომ ბატკანძერი ლეშიჭამია ფრინველია და არც პირუტყვს, არც შინაურ ფრინველებსა თუ სხვა ფერმერულ ცხოველებს საფრთხეს არ უქმნის. ლუხუმა არც მოსახლეობას მიახლოებია.

სავარაუდო შეფასებით, საქართველოში სულ 20-25 წყვილი ბატკანძერი ბინადრობს. ასეთი მცირერიცხოვანი პოპულაციისთვის თითოეული ფრინველის დაკარგვა მძიმე დანაკლისია. ლუხუმას სიცოცხლის გადასარჩენად ამდენი ადამიანის ოთხთვიანი შრომა და თავდადება ვიღაცის გასროლამ გაანადგურა.

ფოტო გადაღებულია გიორგი მახარაძის მიერ 17 ოქტომბერს, მისი გაშვების დღეს. ტბათანა, პანკისის ხეობა" - წერს კლინიკა Veterinarium სოციალურ ქსელში.