„რესტორნის ერთ- ერთი კუპედან გამოვიდა შვიდი პირი. ვკითხე, ვინ ხართ-მეთქი. ჩვენ „იმედის" თანამშრომლები ვართო. ვუპასუხე, კი მაგრამ არცერთს არ გიცნობთ-მეთქი. შენ ჩვენ ხშირად გვაგინებ და ბოდიში უნდა მოიხადოო.... რესტორანში, ზემოთ მეუღლე მელოდებოდა და ამაზე ვნერვიულობდი. რომ არ გამიშვეს და დამაგვიანდა, ჩემი მეუღლეც ჩამოვიდა ზევიდან. არ მინდოდა ჩემს მეუღლე ენახა, როგორ მაფურთხებდნენ, მაგინებდნენ. არ მინდოდა ეს საუბარი მოესმინა ჩემს მეუღლეს. ჩემი მეუღლე ავიდა ზევით და რამდენიმე წუთში, რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მათ ჩამოსვლამდე ამ შვიდიდან ერთ-ერთზე ვამბობდი, რომ გაიყვანეთ-მეთქი. ხელი მომიქნია, მაგრამ არ მომხვედრია, მაგინებდა. ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. მე ვუთხარი, ვაჟკაცი კაცი ვარ და ბოდიშის მოხდა არ მრცხვენია-მეთქი, მაგრამ მითხარით, რაზე უნდა მოგიხადო ბოდიში-მეთქი. სანამ ბოდიშს არ მოიხდი, აქედან ვერ გაგიშვებთო. ჩვენი არ მოგვწონს შენი სამოქალაქო პოზიციაო. რესტორნის დაცვის ორმა ბიჭმა მოახერხა და ეს აგრესიული ბიჭი კუპეში შეიყვანა. [...]
არ ვარ სკანდალის მოყვარული და ჩემი შვილების ტოლ, ახალგაზრდა კაცთან საჩხუბრად მივიდოდი? ეს იყო სრული სიმართლე, შვილებს გეფიცები, თუ რამე დავამატე ან მოვაკელი... თუ ჩემი იქ მისვლით შევაშინე შვიდი კაცი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს. საჩხუბრად რომ წავსულიყავი, მარტო ხომ არ წავიდოდი?! პროკურატურა ამბობს, შვიდი კაცი გიჩივისო, ისინი ამბობენ, ჩვენ არ გიჩივითო და არ ვიცი, ახლა, ეს რას მივაწერო?! არ ვიცი, რა ხდება, რას მერჩის პროკურატურა. ჩემს 11 შვილს კაცობის და ადამიანობის მაგალითს ვასწავლი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ. ე.ი. გულზე ხელი რომ მოვიკიდე, ეს იყო საშიში? მე დანაშაული არ ჩამიდენია ბატონო მოსამართლევ, ხოლო თუ ის შვიდი ადამიანი შევაშინე, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი” [იპნ] | თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე.
თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ის ორი დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა მისი პირადი ავტომობილისა და ბინის ჩხრეკა. მას ბრალი სისხლის სამართლის მუხლით წარედგინა და 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. "დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - დაწერა პროკურატურამ გავრცელებულ განცხადებაში. რადიო თავისუფლებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის სისხლის სამართლის წესით დაკავების საქმეში შაკო კუჭაშვილის გარდა მოწმეებად პროპაგანდისტული TV იმედის თანამშრომლები ფიგურირებენ