23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის 3 თანამშრომელი დააკავეს
23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს | ინფორმაციას ოჯახის ადვოკატი, ლედი ტუკვაძე ავრცელებს.
"დაკავებულებს ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული. დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს. დაკავებულებს რაც შეეხება, ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი" | ამბობს ლედი ტუკვაძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.
პროკურატურის ინფორმაციით, სტიქაროსანის გარდაცვალების საქმეზე, შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავეს
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა.
აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განახორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.
2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში, თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება.
ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თემურ ხადური დაკარგულად 2024 წლის 25 აგვისტოდან ითვლებოდა, მისი ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.