ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაჭიანურებული დავის გამო, საქართველომ ევროსასამართლოში საქმე წააგო
დღეს საქართველომ კიდევ ერთი საქმე წააგო ევროსასამართლოში. მიზეზი - ბათუმის საქალაქო სასამართლო მეხუთე წელია არ იხილავს სამოქალაქო დავას ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - წერს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე.
რაც შეეხება საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ირინე ნადაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და ქვეყანა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაში ცნო დამნაშავედ.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 500 ევროს გადახდა დააკისრა.
დავის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოში, თურქეთიდან დაბრუნებული ირინე ნადაშვილი კოვიდ-კარანტინში, სასტუმროში მოათავსეს. პოლიციამ იგი სასტუმროდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა, იმ მოტივით, რომ ნადაშვილმა უარი თქვა PCR ტესტის გაკეთებაზე. მომჩივანი აცხადებდა, რომ კლინიკაში მას უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება, წაართვეს ტელეფონი, აიძულეს ტესტის გაკეთება და ასმევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.
2021 წლის 12 აპრილს ნადაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა. ის ჯანდაცვის სამინისტროსგან უკანონო დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის კომპენსაციასა და საქმეზე მტკიცებულებების ამოღება ითხოვდა.
საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში 5 წელზე მეტია დევს და არსებითად არ განხილულა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმე გააჭიანურა.
საბოლოოდ, ევროსასამართლოს კოლეგიამ ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და საქართველოს 1 500 ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც ბიუჯეტიდან 3 თვის ვადაში უნდა დაიფაროს