ქართველი ახალგაზრდები ეკატერინბურგში ფესტივალზე დასასწრებად მიემგზავრებიან
თბილისში მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ოლისოვი ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც რუსეთში, კერძოდ ეკატერინბურგში, „ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი-2026“-ზე მიემგზავრებიან.
დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა და ქართველ მონაწილეებს გააცნეს რუსეთში დაგეგმილი მგზავრობის დეტალები, ფესტივალის პროგრამა და "ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოდან რუსეთში ჩასულ ახალგაზრდა სპეციალისტებს ეხსნებათ - მათ შორის ახალი პროფესიული, საგანმანათლებლო და მეგობრული კონტაქტების დასამყარებლად".
"ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი 11-დან 17 სექტემბრამდე ეკატერინბურგში ჩატარდება და მასში მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 10 ათასი ახალგაზრდა ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის პროგრამა მოიცავს მიმართულებების ფართო სპექტრს - მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს, მეწარმეობას, სახელმწიფო მართვას, მედიას, სპორტსა და კრეატიულ ინდუსტრიებს.
ოლისოვმა ქართველ მონაწილეებს წარმატებული მგზავრობა, რუსეთის გაცნობით მიღებული წარუშლელი შთაბეჭდილებები და მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებთან ნაყოფიერი ურთიერთობა უსურვა." | ნათქვამია რუსეთის ინტერესების სექციის განცხადებაში.