პოლიტიკა ციტატა

ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას სამშობლოს ღალატთან რამე კავშირი აქვს... ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია...

12 სექტემბერი, 2026 - 09:40 · იაგო ხვიჩია

"ვერცერთი პროკურორი ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას სამშობლოს ღალატთან რამე კავშირი აქვს... ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია..." - ამბობს თავისუფალი ხალხის პარტიის [ყოფილი გირჩი] ლიდერი, იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით.

"რას არ აბრალებდით გია ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ?.. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ... გია ბარამიძის მიერ სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში, უბრალოდ არაფერში წერია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი... მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი სამშობლოს ღალატზე გაასამართლო... ეს იქნება სახელმძღვანელო, იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი... დედამიწის ზურგზე ვერცერთი პროკურორი მე ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას სამშობლოს ღალატთან რამე კავშირი აქვს... იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, რა შუაშია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა... ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება... ბარამიძემ რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო ის სამშობლოს მოღალატე არ არის", - თქვა ოცნების პროპაგანდისტული და სანქცირებული PosTV-ის ეთერში თავისუფალი ხალხის პარტიის [ყოფილი გირჩი] ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

გიორგი ბარამიძე გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ უწყებამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებებით გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. წარდგენილი ბრალის მიხედვით, ბარამიძეს 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გამოძიების დაწყების საფუძველი მის მიერ იაგო ხვიჩიას გადაცემაში - "საქართველოს დაბადებს" - გაკეთებული განცხადება გახდა. გადაცემაში მან აფხაზეთის ომზე ისაუბრა და ტყვეების გაცვლის საკითხის განხილვისას თქვა, რომ ომის დასაწყისში ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა იმიტომ, რომ მათ "ხვრეტდნენ".