საზოგადოება

ექიმი მაია კოხტაშვილი თავისუფალია

12 სექტემბერი, 2026 - 20:48

ახმეტაში დაკავებულმა ექიმმა, მაია კოხტაშვილმა საპატიმრო დატოვა. გირაოს თანხა - 50 000 ლარი მოქალაქეებმა 1 საათში შეაგროვეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ბრალად მესამე პირზე ყალბი რეცეპტის გაცემა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო დღეს შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. 

დღეს ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნევროპათოლოგ მაია კოხტაშვილს აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა და უთხრა, რომ ლოგინად ჩავარდნილი დედის ძლიერი ტკივილების გამო მისი კლინიკაში მიყვანა არ შეეძლო. მთივლიშვილის ინფორმაციითვე, კოხტაშვილის საქმეზე აგენტი-პროვოკატორი ბექა მარტყოფლიშვილია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.