კრიმინალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

31 აგვისტო, 2026 - 14:54

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს. ის დღევანდელ პროცესს არ დასწრებია, რადგან კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი 29 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა, დაკავებულმა ქალმა კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.