ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, გერმანელმა რეპორტიორმა პუტინის მხარდამჭერად გაასაღა თავი და გერმანიაში მოქმედი რუსეთის საიდუმლო აგენტების ქსელი გამოააშკარავა | DW
გერმანელმა ჟურნალისტმა გერმანიაში მოქმედი რუსეთის საიდუმლო აგენტების ქსელი გამოააშკარავა.
Deutsche welle-ს რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, გერმანული მედია RTL-ს ჟურნალისტური გუნდი მთელი წლის განმავლობაში იძიებდა გერმანიაში რუსეთის ე.წ. „ერთჯერადი აგენტების“ ქსელს. გამოცემების - RTL, ntv და Stern ჟურნალისტმა, ანჟელიკ გერაიმ, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა და თავს რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერად ასაღებდა. მან „კატია“ დაირქვა და რუსეთის დროშის ფონზე, მეზღვაურის მაისურით ჩაწერილ ვიდეოებს აქვეყნებდა, ბუნდესტაგის გარშემო კი რუსეთის დროშით დადიოდა და პუტინით აღფრთოვანებას გამოხატავდა.
ჟურნალისტის თქმით, მალევე მას რუსი კურატორები დაუკავშირდნენ და სხვადასხვა დავალებების მიცემა დაუწყეს. მაგალითად, სთხოვდნენ გერმანიაში არსებული ობიექტების გადაღებას, გერმანიის მმართველ პარტიაზე, იარაღის მწარმოებელ კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თვალთვალს, ასევე მათი თანამშრომლების საკონტაქტო და პირადი მონაცემების შეგროვებას.
ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ე.წ. ერთჯერად აგენტებთან მუშაობა სრულიად ჩვეულებრივი, კანონიერი დავალებებითა და მცირე ანაზღაურებით იწყება. მაგალითად, სთხოვენ ფოტოს გადაღებას, ამანათის გატანას ან SIM ბარათის აღებას. თუმცა მალევე ეს თანამშრომლობა ბევრად სერიოზულ და სახიფათო ეტაპზე გადადის. კომუნიკაცია ძირითადად Telegram-ის საშუალებით ხდება. ამასთან, თითოეულმა „ერთჯერადმა აგენტმა“ მხოლოდ საერთო გეგმის გარკვეული ნაწილი იცის და არა მთლიანი სურათი.
"კატიას" პროფილი გერმანელი პოლიტიკოსის, იოვიცა იოვიჩის თვალთახედვის არეშიც მოხვდა, რომელიც „სარა ვაგენკნეხტის კავშირის“ წევრია და პრორუს პოლიტიკოსად მოიაზრება. მან ჟურნალისტი შეხვედრაზე დაიბარა და რჩევებიც კი მისცა, რომ მაგალითად - "ნატოს დროშაზე ფეხებით ეცეკვა". ჟურნალისტმა პოლიტიკოსს პირდაპირ ჰკითხა, თანამშრომლობდა თუ არა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო - "მე არ ვამბობ, რომ ამაში რუსეთის სპეცსამსახურები მონაწილეობენ, რადგან თავს ისე ვაჩვენებ, თითქოს სულელი ვარ. ასეთ რამეებზე ხომ არ იციან ხოლმე. ანუ, თეორიულად მე ეს არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად - ვიცი".
მოგვიანებით, საჯარო ინტერვიუში იოვიჩმა უარყო რუსეთის დაზვერვასთან კავშირი და დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობა.
მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტმა ანჟელიკ გერაიმ საჯაროდ აღიარა, რომ „კატია“ მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟი იყო, მან მოკვლის მუქარა მიიღო - "თუ გაქცევას შეეცდები, ტყვიას მიიღებ!" - ნათქვამი იყო ხმოვან შეტყობინებაში, რომელიც მას ტელეფონზე დაუტოვეს.