უკრაინის გენ.პროკურორმა კრავჩენკომ, რომელმაც 1 კვირის წინ გადადგომის შესახებ განაცხადა, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორს ბრალი წარუდგინა და სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რომელმაც 1 კვირის წინ, გადადგომის შესახებ განაცხადა, უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს [НАБУ] დირექტორს, სემენ კრივონოსს ბრალდება წარუდგინა.
რუსლან კრავჩენკომ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გენერალური პროკურატურის ოფიციალურმა საჯარო გვერდმაც გააზიარა. ვიდეოში კრავჩენკომ განაცხადა, რომ კრივონოსი ეჭვმიტანილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით არამართლზომიერი სარგებლის მისაღებად, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში, „მოპოვებულ მტკიცებულებათა ბაზაზე დაყრდნობით, მე ხელი მოვაწერე НАБУ-ს დირექტორის, სემენ კრივონოსის ეჭვმიტანილად ცნობის ოქმს. მას ბრალად ვდებ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არამართლზომიერი სარგებლის მიღების მიზნით. მე დარწმუნებული ვარ ამ მასალებში და შემიძლია მათი გამოქვეყნება. მეორე ეჭვმიტანილის ოქმი ეხება САП-ის [სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა] ხელმძღვანელთან დაახლოებულ პირს. ის ახდენდა ზეგავლენას უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეებზე, სთავაზობდა მათ არამართლზომიერ სარგებელს და ასევე ხელს უწყობდა მობილიზაციისთვის თავის არიდებაში. სწორედ ეს სისხლის სამართლის წარმოება გახდა გენერალური პროკურატურის ოფისზე ღამის შტურმის რეალური მიზეზი“, | დასძინა კრავჩენკომ.
მან აღნიშნა, რომ მანამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებაში „პოლიტიკურად აკავებდა პრეზიდენტი“.
უკრაინის ნაციონალურ ანტიკორუფციულ ბიუროში [НАБУ] აცხადებენ, რომ კრივონოსს არანაირი ეჭვმიტანილის ოქმი არ მიუღია და კრავჩენკოს განცხადება უკრაინის დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ ორგანოებზე თავდასხმაა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად უპასუხა გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს დღევანდელ განცხადებას და პარლამენტს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცონ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება: „ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გზა აქვს: თანამდებობიდან გათავისუფლება. სწორედ ეს ვუთხარი მას. უკრაინამ ყველა მიზეზი დაინახა. თუ ის ამას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, დაე, პირდაპირ ასე უწოდოს. პარლამენტარებს ვთხოვ, მხარი დაუჭირონ ამ გათავისუფლებას დაუყოვნებლივ“, - დასძინა ზელენსკიმ.
ამავდროულად, გამოცემა Украинская правда იუწყება, რომ გადამდგარმა გენპროკურორმა კრავჩენკომ გვიან ღამით სამსახურებრივი მანქანით საზღვარი გადაკვეთა და ქვეყანა დატოვა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამას წინ უძღოდა ეროვნული ანტიკორიფცული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ კორუფციის საქმეზე დაწყებული გამოძიება და სპეციალური ოპერაცია. ოპერაციის ფარგლებში გაიჩხრიკა კრავჩენკოს სახლი, ასევე ჩხრეკა ჩატარდა მისი მოადგილის, მარია ვდოვჩენკოსა და ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის სახლებში - "არ მინდა რომ ჩემი თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული" - დაწერა რუსლან კრავჩენკომ 8 სექტემბერს.
უკრაინის კონსტიტუციით, გენერალური პროკურორის გადადგომას ჯერ ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს პარლამენტმა. სანამ პარლამენტი ოფიციალურად არ მისცემს ხმას მის გათავისუფლებას, ის იურიდიულად რჩება თანამდებობაზე.