„ტრამპის ოჯახის კორუფცია იმაზე სამარცხვინო ვეღარ გახდებოდა, ვიდრე არის" | ამ სიტყვებით მიმართა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა სიტყვით გამოსვლისას სენატის წევრებს.
"იმავე დღეს, როდესაც ტრამპმა რუსეთის ნაცვლად უკრაინაზე ზეწოლა გადაწყვიტა და ბენზინის მაღალ ფასებში უკრაინა დაადანაშაულა – და არა თავისივე დამღუპველი ომი ირანში – ჩვენ კვლავ ვხედავთ იმის მტკიცებულებებს, რომ ტრამპის ოჯახი პუტინის ჯიბეშია.
ცნობილი გახდა, რომ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებულმა რუსმა ოლიგარქმა ასობით ათასი დოლარი გადაიხადა დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის ხარჯების დასაფარად. წარმოგიდგენიათ ეს? იმ ქვეყნის ოლიგარქი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, პრეზიდენტის ვაჟის ქორწილის ხარჯებს იხდის. გსმენიათ ოდესმე მსგავსი რამ? ეს არის უაღრესად კორუმპირებული, ანგარებიანი და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათო ნაბიჯი. როგორ შეგიძლიათ თქვენ, დარბაზის მეორე მხარეს მყოფნო [ოპონენტებო], გულგრილად აიჩეჩოთ მხრები ასეთი აღმაშფოთებელი, დამაზიანებელი და დამანგრეველი ქცევის წინაშე? რა თქვა დონალდ ტრამპ უმცროსმა თავის დასაცავად? „ზოგჯერ საქორწილო საჩუქარი უბრალოდ საქორწილო საჩუქარიაო“. ამ შემთხვევაში ასე არ არის, ჩემო კარგო. შენ საქმე გაქვს რუს ოლიგარქთან და არა უბრალოდ ბიძაშვილთან, რომელიც საჩუქარს გიმზადებს.
მე კი ვეტყვი დონალდ უმცროსს, რომელმაც თქვა „ზოგჯერ საქორწილო საჩუქარი უბრალოდ საქორწილო საჩუქარიაო“ – ზოგჯერ საქორწილო საჩუქარი უცხოელი ავტოკრატისგან მიღებული ქრთამია. ოლიგარქმა ასობით ათასი დოლარი დახარჯა ფეიერვერკების მოსაწყობად, გრანდიოზული წვეულების გასამართად და დონალდ უმცროსისთვის კერძო კუნძულის დასაქირავებლად; თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ის რეალურად ყიდულობდა არა ქორწილში დროის სასიამოვნოდ გატარებას, არამედ ტრამპის ოჯახთან დაახლოების შესაძლებლობას.
კორუფცია იმაზე სამარცხვინო ვეღარ გახდებოდა, ვიდრე არის. ტრამპის ოჯახმა მხოლოდ ამ საპრეზიდენტო ვადაში უკვე ოთხი მილიარდი დოლარის მოგება ნახა. მართლა სჭირდებოდათ ტრამპებს კიდევ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი? ნუთუ ეს არის ის ფასი, რის გამოც ისინი ამერიკას რუსებზე ჰყიდიან? ამერიკელ ხალხს ყელში ამოუვიდა ტრამპის კორუფცია. სენატორ რესპუბლიკელებსაც.“ - განაცხადა სენატორმა ჩაკ შუმერმა.
გამომცემლობა ProPublica-ს მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო რეპორტის თანახმად, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა, უმარ კრემლიოვმა, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილის შემდგომი წვეულების ხარჯების ნაწილი დააფინანსა ბაჰამის კუნძულებზე.
წყვილმა დაადასტურა, რომ კრემლიოვმა, რომელსაც ისინი „ახლო მეგობარს“ უწოდებენ, ასობით ათასი დოლარი გადაიხადა კუნძულის ქირაობისა და ფეიერვერკებისთვის. მათ განაცხადეს, რომ ეს იყო უბრალოდ „საქორწილო საჩუქარი“ და ამ ფაქტს არანაირი პოლიტიკური მოტივი არ გააჩნია.