ბრალდებულის ჩვენებით, მან დაურ ბუავა კაფეში გაიცნო - პროკურორის თქმით, შეკვეთილი მკვლელობის ვერსია არ იკვეთება, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება
ეს ადამიანი [ვალერია კირლიუკი] ისე, რომ მას არც დაეხმარა, არც პოლიცია გამოიძახა და არც სხვა საშუალებისთვის მიუმართავს, ტოვებს გარდაცვლილის ბინას და თავისი ნაქირავები ბინის მიმართულებით მიდის, მას გზად რამდენიმე ადამიანი შეხვდა, თუმცა არც მათ ეუბნება მომხდარის თაობაზე, ასევე, სხვა ადამიანებმაც მოიკითხეს ბუავას მდგომარეობა და არც მათ უთხრა სიმართლე... დაკავებამდე ის ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილიდან ის პირდაპირ იქ გაემართა”, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბრალდებული ქალისა და ბუავას ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ამოვიდა - "ამ ეტაპზე საქმეში რა ინფორმაციაც გვაქვს, ბუავამ იცოდა, რას აკეთებდა და ნარკოტიკული საშუალება მიიღო. სამწუხაროდ, ასეა". - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, დაურ ბუავას შეკვეთილი მკვლელობის ვერსია ამ ეტაპისთვის გამოკვეთილი არ არის, თუმცა გამოძიება ყველა მიმართულებით გრძელდება:
“გამოძიებით ამ ეტაპზე ის არის დადგენილი, რასაც ვსაუბრობთ. რაც შეეხება ვერსიებს, ბევრი შეიძლება გაჩნდეს, გამოძიება გრძელდება და ნებისმიერი ვერსია, გარემოება გადამოწმდება .რაც შეეხება ოჯახს, მათთან შუამავლების მეშვეობით ვცდილობთ კომუნიკაციის დამყარებას. ჩვენ როგორც ვიცით, ჩამოდიან, შეხვედრა გვექნება და მათაც საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნებათ”, - აცხადებს ყაზარაშვილი.
პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებული ქალის ჩვენებით, ბუავა მან კაფეში გაიცნო და მათ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა. ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს. ის დღევანდელ პროცესს არ დასწრებია, რადგან კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.