უცხოეთი ციტატა

თუ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება დავაწესებ ძალიან სერიოზულ ტარიფებს ან ბევრ რამეზე შევაჩერებ ევროპასთან ვაჭრობას | ტრამპი

17 სექტემბერი, 2026 - 10:08
„თუ ისინი ამას გააკეთებენ და ჩავთვლი, რომ ეს მტრული ქმედებაა, ევროპასთან დავაწესებ ძალიან სერიოზულ ტარიფებს ან ბევრ რამეზე შევაჩერებ ვაჭრობას“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სასაცილო“ უწოდა იმ შესაძლებლობას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.
 
აშშ-ის მხრიდან ევროკავშირისთვის დაწესებული ნებისმიერი ახალი გადასახადი დაარღვევს გასულ წელს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის შეთანხმებულ სავაჭრო გარიგებას და შექმნის ორ მხარეს შორის ეკონომიკური მტრობის სწრაფი ესკალაციის რისკს.
 
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს ევროპარლამენტში თავისი ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას მხარი დაუჭირა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის წინადადებას, რომ ოტავა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს.
 
"მე ვთქვი, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობებს. ასე რომ, მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას გაეხსნას კარი და გახდეს ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა, როდესაც კარნი აუდიტორიაში იმყოფებოდა.
 
მოსალოდნელია, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ორგანოს სიტყვით ხუთშაბათს მიმართავს. კარნიმ მოითხოვა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საშუალო ზომის ქვეყნებს შორის, რათა მათ თავი დაიცვან ჩინეთის გავლენისგან, ისევე როგორც ტრამპის ტარიფებითა და ნატოს წინააღმდეგ გაჟღერებული მუქარებით გამოწვეული არასტაბილურობისგან.
 
აშშ და კანადა მწვავე სავაჭრო ომში არიან ჩართულნი მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ზაფხულში კანადური საქონლის იმპორტზე ფართომასშტაბიანი 50%-იანი ტარიფები დააწესა და ოტავა უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაში დაადანაშაულა.