რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმს 200-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია
გუშინ საღამოს 20:00 საათიდან დღეს დილის 08:00 საათამდე, რუსეთის რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმს 200-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია.
შეზღუდვები დაწესდა როგორც მოსკოვის, ისე სხვა ქალაქების აეროპორტებში. კერძოდ, ფრენები დროებით შეჩერდა ყაზანის, სამარას, სარატოვის, პენზის, ჩებოქსარის, ულიანოვსკის, პერმის, იჟევსკის, უფას, ეკატერინბურგის, ჩელიაბინსკის, ორენბურგის აეროპორტებში.
რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ჩამოაგდეს 239 საფრენი აპარატი. მოსკოვის მერმა 6 დრონის განეიტრალება დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია უშუალოდ დედაქალაქში, თუ მის ოლქში.