არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ირანში ომის დანაშაულები ჩაიდინა, ირანის ხელისუფლებამ კი კაცობრიობის წინაშე დანაშაული | გაეროს ფაქტების დამდგენი მისია
გაეროს ფაქტების დამდგენი მისიის დასკვნით, არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-მა ორი სამხედრო დარტყმის დროს ირანში ომის დანაშაულები ჩაიდინა. ამავე მისიამ დაასკვნა, რომ ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისას კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული.
"ანგარიშის მიხედვით, გაეროს ექსპერტებმა აღმოაჩინეს საკმარისი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აშშ-ის ძალები პასუხისმგებელნი იყვნენ ქალაქ მინაბში მდებარე „შაჯარე თაიებას“ დაწყებით სკოლაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, სადაც, ირანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 120-მდე სკოლის მოსწავლე გოგონა. მისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი წარმოადგენდა განურჩეველ დარტყმას, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს უტოლდება" | წერს Reuters
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ სამიზნე ბაზებში მონაცემების განუახლებლობა იმ სკოლის შესახებ, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო კომპლექსის გვერდით მდებარეობდა, და იმის გადაუმოწმებლობა, წარმოადგენდა თუ არა შენობა სამხედრო ობიექტს, უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო დაუდევრობა. მეორე დარტყმა კი ლამერდის სპორტულ კომპლექსზე განხორციელდა, რის შედეგადაც 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ბრალდებებზე საპასუხოდ, პენტაგონმა უარი თქვა გარე ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა: „ჩვენი გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე დასამატებელი არაფერი გვაქვს“. Reuters-ის ინფორმაციითვე, აშშ-ის სამხედრო უწყების პირველადმა შიდა გამოძიებამ მანამდე უკვე აჩვენა, რომ მინაბის სკოლაზე მომხდარ ფატალურ დარტყმაზე, სავარაუდოდ, სწორედ ამერიკული ძალები იყვნენ პასუხისმგებელნი. ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თებერვალში გოგონების სკოლას თავს განზრახ არავინ დასხმია.
თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ ანგარიშს მკაცრი კრიტიკით უპასუხა და განაცხადა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს „ადამიანის უფლებებისთვის არაფერი გაუკეთებია“, ხოლო მიმდინარე კონფლიქტში ირანი ერთადერთი მხარეა, რომელმაც ომის დანაშაულები ჩაიდინა. ჟენევაში ირანის მუდმივ წარმომადგენლობას Reuters-თან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თეირანი მუდმივად უარყოფს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უფლებების სისტემური დარღვევის შესახებ.
გაეროს ფაქტების დამდგენი მისიები საგამოძიებო ორგანოებია და არა სასამართლო, რის გამოც ისინი თავად სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ. თუმცა, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლისსამართლებრივ გამოძიებებში ეროვნული სასამართლოების ან საერთაშორისო ტრიბუნალების, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] მიერ. წევრი სახელმწიფოები ანგარიშის დასკვნებს ოფიციალურად მომავალ ორშაბათს, ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე განიხილავენ