საზოგადოება

ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ბავშვებზე მზრუნველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა | კალაძე ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

19 სექტემბერი, 2026 - 13:06
„პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობლები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ბავშვებზე მზრუნველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება. დღეს ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბავშვზეა საუბარი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იგივე დამოკიდებულება იქნებოდა თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“ | თქვა კალაძემ საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივ ინტოქსიკაციაზე საუბრისას.
 
მისივე თქმით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მუნიციპალიტეტი კი ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან აფორმებს:
 
 "ჯერ უნდა გავიგოთ მიზეზი რა არის. მერწმუნეთ, ყველა დეტალი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ, მათთან ფორმდება ხელშეკრულება. ისინი ვალდებული არიან,
პროდუქციის მოწოდების დროს წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები თითოეულ პროდუქტზე. დაველოდოთ მოკვლევას, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი“ | თქვა კალაძემ