თანხმობის გარეშე, ნათესავისა და თანამშრომლების პირადი მონაცემების გამოყენებით, ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა 48 130 ლარს | დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების გამოყენებით, ერთ-ერთი ბანკიდან ონლაინ სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას. საბანკო ორგანიზაციისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48 130 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს." | აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.