ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი | პატრიარქი
“გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლის. ჩვენ მას ვადიდებთ, ვამბობთ და თაყვანს ვცემთ ამისთვის, რადგან ინება, რომ მისი წილმხვდომელი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენ ეკლესიას, ჩვენ ერს და ყოველ ჩვენგანს. დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესია.
ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში წერია, „შობამან შენმა ღვთისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“- მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა დედა ღვთისმშობელი ამა ქვეყანას, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა სოფლის მხსნელისა. ჩვენ ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულის უწყება საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი, რა გვიხარია, რა გვწყინს ვხარობთ თუ არა ჩვენ სულიერი სიხარულით, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ჩვენ ხშირად ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. ვიმეორებ: ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს.
თქვენ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, საკმარისია გავიელვოთ გულში, უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო ან რაღაც გულცივობა და გულგრილობა გამომავლინოთ, ეს სიხარული შენში იკარგება, თითქოს მადლი გშორდება. მოძღვრები დამეთანხმებიან, ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას გულგრილად და გულცივად ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისაგან და ქრისტიანული განწყობისგან. ანდა ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები ამბობენ, ”არ მახსოვს ჩემი ცოდვები ან არაფერს ვცოდავ ისეთს“ - ვერ გრძნობენ თავის ცოდვებს.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასურელი წერს, „ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობლობას“ იმიტომ, რომ ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს. ადამიანს როდესაც ფიზიკურად სტკივა, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ განვიკურნოთ მალე, როდესაც ადამიანი სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, მისი ცოდვებისგან გამოწვეულს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ასეთი უგრძნობლობა.
ამრიგად დღევანდელ დღეს ამაზე ვიფიქროთ. თუ ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული არის პირადი სიხარული ჩვენ ვართ სწორ გზაზე და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, ჩვენ და ვერ ვგრძნობთ სულიერ სიხარულს. გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და ვევედროთ უფალს, გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან და გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ ცხოვრებას“, - აღნიშნა პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ, ქადაგებისას.