თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს.
„ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“ - უთხრეს სააგენტოში გამოცემას
18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში გადაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. საბავშვო ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო