მაკრონმა მარტინ სკორსეზესა და რობერტ დე ნიროს საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა - რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა.
მაკრონმა სკორსეზეს საპატიო ლეგიონის დიდი ოფიცრის, ხოლო დე ნიროს ოფიცრის წოდება მიანიჭა. ორივე მათგანი 83 წლისაა.
ღონისძიება მათი კინოსა და მისი შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გაიმართა. მარტინ სკორსეზე ათწლეულებია კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის აღდგენასა და შენარჩუნებაზე მუშაობს და დამოუკიდებელი კინოს მხარდაჭერითაც არის ცნობილი. რობერტ დე ნიროს, რომელიც სკორსეზესთან ერთად ათ მნიშვნელოვან ფილმშია გადაღებული, ჯილდო გადაეცა კინოხელოვნების განათლებისა და დამოუკიდებელი აუდიოვიზუალური წარმოების მხარდაჭერისთვის. ცერემონიას მსახიობი ლეონარდო დიკაპრიოც ესწრებოდა.
დაჯილდოება მაკრონის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობს. ღონისძიება ასევე გაგრძელებაა საფრანგეთის მიერ კინოსა და მისი მომავლის მხარდასაჭერად განხორციელებული ინიციატივებისა.