პოლიტიკა

“პარანოიით შეპყრობილი... ოლიგარქი, რომელსაც სპეცსამსახურებზე სრული კონტროლი აქვს... “ - Intelligence Online ქართული სპეცსამსახურების ქრონიკულ არასტაბილურობაზე და ბიძინა ივანიშვილზე წერს

23 სექტემბერი, 2026 - 14:22
პარანოიით შეპყრობილი... საქართველოს არაფორმალური მმართველი... ოლიგარქი, რომელსაც სპეცსამსახურებზე სრული კონტროლი აქვს... “ - ავტორიტეტული ფრანგულ-ინგლისური გამოცემა Intelligence Online ქართული სპეცსამსახურების ქრონიკულ არასტაბილურობაზე და ბიძინა ივანიშვილზე წერს. გამოცემამ სტატია სათაურით „მთავარი უსაფრთხოებრივი ძვრები თბილისში" დღეს გამოაქვეყნა და ბოლო პერიოდში ქართულ ძალოვან უწყებებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ე.წ შავ სალაროზე, ქოლ-ცენტრებზე და კორუფციაზე გაამახვილა ყურადღება.
 
“გადადგომების ამ კასკადს თან სდევდა წმენდების სერია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მაღალ ეშელონებში. ამბობენ, რომ პარანოიით შეპყრობილმა ქართველმა „ძლიერმა მმართველმა“ და ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს თავისი უახლოესი მოკავშირეები - ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სუს-ის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ლილუაშვილი - პარტიის „შავ სალაროზე“ ხელის დათბობაში დაადანაშაულა, რომელიც ივსებოდა ევროპელი მომხმარებლების საკრედიტო ბარათების თაღლითობაზე სპეციალიზებული ქოლ-ცენტრებიდან შემოსული თანხებით. 16 სექტემბერს ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ღარიბაშვილს იანვარში - ხუთი წლით.“ - წერს გამოცემა.
 
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ:
 
“ასეთია ევროპის უმნიშვნელოვანესი გამოცემის დღევანდელი ინფორმაცია. Intelligence Online პარიზული სააბონენტო გამოცემაა, რომელსაც ფართო საზოგადოება ვერ კითხულობს. მას კითხულობენ სპეცსამსახურები, დიპლომატები და თავდაცვის ინდუსტრია. გამოცემა 40 წელია სადაზვერვო სამსახურების შიდა სამზარეულოზე წერს.
დასკვნა მარტივია: ევროპის პროფესიონალური საზოგადოება საქართველოს მთავრობას აღარ აღწერს, როგორც სახელმწიფოს, არამედ, როგორც ერთი კაცის პარანოიით მართულ კრიმინალურ სინდიკატს, რომლის ბოსები ევროპელების ძარცვით მოპარული ფულის გამო ერთმანეთს აპატიმრებენ. ეს არის ის სურათი, რომლითაც ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის საბჭო აუცილებლად იხელმძღვანელებს საქართველოზე და ივანიშვილის რეჟიმზე გადაწყვეტილების მიღებისას.
 
გელა გელაძე სუს-ის უფროსის პოსტიდან 5 თვეში წავიდა და მინისტრის მოადგილედ „დაქვეითდა". ეს მეოთხე უფროსია 18 თვეში.
 
ეს მდინარაძის მთელი წრის წმენდის ნაწილია: სექტემბერში მიდიან მისი კადრები ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურიდან. ინტენსიურია მდინარაძის შინაპატიმრობის ჭორები, თუმცა ჯერ დაუდასტურებელი.
 
ივანიშვილმა სუს-ში ხელმძღვანელის მოადგილედ თავისი ყოფილი დაცვის უფროსი დანიშნა. ის რეალური ხელმძღვანელია, ფორმალური უფროსი კი ფასადია.
 
პარტიის „შავი სალარო" ივსება ქოლ-ცენტრებით, რომლებიც ევროპელი მოქალაქეების მოტყუებით მდიდრდება. ლილუაშვილი (13 წელი) და ღარიბაშვილი (5 წელი) სწორედ ამ ფულის მითვისებისთვის დაისაჯნენ (წყაროს მტკიცებით).
 
სალაროს მმართველი ძმები მიქაძეები ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთისთვის გაასამართლეს. დავით მიქაძე ორი დღის წინ პარიზში დააკავეს.
 
კობახიძე სუსტდება: მდინარაძის მოშორება მისი გავლენის დაკარგვის სიგნალია, შეცვლის ჭორები მუდმივია.“ - წერს ნიკა გვარამია.