საზოგადოება

ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

23 სექტემბერი, 2026 - 18:32

ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო. - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა TOK2Region მშობლებზე, ეკატერინე წამალაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემასთან მშობელი ამბობს, ინციდენტი 18 სექტემბერს მოხდა. დაპირისპირებამდე, მშობლის თქმით, სკოლაში მისი შვილის სწავლის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება არსებობდა. წამალაშვილი ამბობს, რომ მისმა შვილმა მათემატიკაში ექსტერნის გამოცდა ვერ ჩააბარა და ამის გამო მომდევნო კლასში ვერ გადავიდა. მისი შეფასებით, სკოლის გადაწყვეტილება სუბიექტური იყო. მშობელი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსწავლესა და მათემატიკის მასწავლებელს შორის წინა წლებში არსებულ დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება. ეკატერინე წამალაშვილის მტკიცებით, მასწავლებელი მოსწავლეს დაგვიანებისა და გაცდენების გამო უარყოფით შეფასებებს უფიქსირებდა, რის გამოც მას ექსტერნის გამოცდა დაენიშნა. მათემატიკის მასწავლებელი მშობლის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ მოსწავლე ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და სწორედ ამის გამო მოუწია ექსტერნის გამოცდაზე გასვლა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.