მე ვთხოვე ტრამპს ესაუბრა სი ძინპინთან და ეთხოვა ჩინეთის ლიდერისთვის, მოახდინოს გავლენა პუტინზე, რათა დაასრულოს ომი ან გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ | ზელენსკი
"მე გულწრფელად ვთხოვე აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ესაუბრა სი ძინპინთან და ეთხოვა ჩინეთის ლიდერისთვის, მოახდინოს გავლენა პუტინზე, რათა დაასრულოს ომი, ან სულ მცირე, გადადგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ დეესკალაციის შესაძლო ნაბიჯები მოიცავს, კერძოდ, ენერგეტიკასა და მარცვლეულს.
მისი თქმით, ასეთმა შეთანხმებებმა შეიძლება აჩვენოს, არის თუ არა რუსეთი ნამდვილად მზად ომის დასასრულებლად. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ტრამპი დაჰპირდა ამ გზავნილის სი ძინპინისთვის გადაცემას.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჩინეთის ლიდერსა და მის მეუღლეს მერილენდში მდებარე ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერის აშშ-ში ვიზიტი მოიცავს დახურულ შეხვედრებს, სახელმწიფო ვახშამს და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, ირანის ომსა და ტაივანზე, ასევე სავაჭრო ზავის გახანგრძლივებაზე.