რუსეთი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას ითხოვენ
რუსეთი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში.
23 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველ კონსტანტინ კოჩიევს შეხვდა. შეხვედრა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში გაიმართა.
მხარეების განცხადებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის საკითხი. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობასა და სამომავლო მოლაპარაკებების დღის წესრიგზეც ისაუბრეს.
მორიგი, 68-ე საერთაშორისო დისკუსიების რაუნდი ჟენევაში 10-11 ნოემბერს არის დაგეგმილი.