პოლიტიკა

რუსეთ-აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, შესაძლოა რუსეთის სამხედრო სამსახურში აღრიცხვაზე აიყვანონ

24 სექტემბერი, 2026 - 14:56

რუსეთ-აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, შესაძლოა რუსეთის სამხედრო სამსახურში აღრიცხვაზე აიყვანონ | ინფორმაციას OC Media ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ მოსკოვთან მოლაპარაკებების დროს რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების სამხედრო აღრიცხვის საკითხი განიხილა, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აღნიშნა, რომ საგარეო უწყება მისი დავალებით მუშაობს, რათა რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები რუსეთში კი არ დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე, არამედ აფხაზეთში, და რომ მოლაპარაკებები გრძელდება.

Bloomberg-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირები უცხოური საბანკო ანგარიშების გახსნასა და აქტივების საზღვარგარეთ გადატანას ცდილობენ, ხოლო სამხედრო კომისარიატების თანამშრომლები ანალოგიურად იქცევიან. გამოცემის ცნობით, ასევე არსებობს ცნობები, რომ სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები ნათესავებსა და მეგობრებს რუსეთის დატოვებას ურჩევენ. მოსკოვი ამ ბრალდებებს თანმიმდევრულად უარყოფს.

2025 წელს ძალაში შესული შეთანხმების თანახმად, პირები, რომლებსაც ორმაგი (რუსეთ-აფხაზეთის) მოქალაქეობა აქვთ, ვალდებულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახური იმ ტერიტორიაზე გაიარონ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. ამის საფუძველზე, რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა გაწვეულ იქნენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობის მისაღებად. ისინი, ვისაც აფხაზეთში სამხედრო სამსახური უკვე გავლილი აქვთ, გათავისუფლებულნი არიან. მანამდე, ნებისმიერი პირი, ვისაც რუსული პასპორტი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, ფლობდა თუ არა აფხაზურ პასპორტს, რუსეთის კანონმდებლობით ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქედ ითვლებოდა - რაც ნიშნავდა, რომ რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო აღრიცხვაზე დგებოდნენ.

„ამ შემოდგომაზე მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჩემმა შვილმა გამაოგნა ახალი ამბით, რომ სამხედრო კომისარიატიდან უწყება მიიღო. პანიკური შეტევა მქონდა, ვფიქრობდი, რომ ის შეეძლოთ გაეგზავნათ СВО-ში [„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ - რუსეთის დასახელება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის]. შემდეგ, რა თქმა უნდა, დავწყნარდი, ის ჯერ კიდევ სტუდენტია, მაგრამ რა იქნება სწავლის დასრულების შემდეგ? ის აღრიცხვაზეა, შეუძლიათ წაიყვანონ რუსულ არმიაში, იქიდან კი - ომში. მაგრამ ახლა მას არჩევანის უფლება აქვს. და ეს დიდი სიხარულია ყველა აფხაზი დედისთვის“ - განუცხადა ოკუპირებული სოხუმის მცხოვრებმა OC Media-ს 2025 წლის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.