საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, საქართველომ რუსეთს ორი ბრალდებული გადასცა - დმიტრი პუშკარევსა და კორნეი ფედუნოვს, რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებიან. უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანი საქართველოში დააკავეს, რის შემდეგაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მათი ექსტრადიცია მოითხოვა
რუსეთის საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, პუშკარევმა 2023 წელს ნარკოტიკული საშუალებების დიდი პარტია შეიძინა, რომელიც მაგადანში ჩაიტანეს. იქ ფედუნოვმა და სხვა თანამზრახველებმა ნარკოტიკები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით გასავრცელებლად ერთ-ერთ დამხმარე ნაგებობაში განათავსეს.
გამოძიების ცნობით, 2024 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე ბრალდებულები და მათი თანამზრახველები მაგადანის ოლქში, ერთ-ერთ რძის ფერმაში, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარეების მოყვანაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული მცენარეებისგან ნარკოტიკებს ამზადებდნენ და პუშკარევის კუთვნილ დამხმარე ნაგებობაში ინახავდნენ. ფერმის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს. რუსული მხარის ინფორმაციით, პუშკარევი ასევე მართავდა ონლაინ-მაღაზიას, რომლის საშუალებითაც უკანონო ნივთიერებები იყიდებოდა. 2024 წლის იანვარში, მაგადანში, მან ე.წ. სამალავის საშუალებით თანამზრახველს 1.3 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა.
გამოძიების წინასწარ ეტაპზე ბრალდებულები სამართალდამცველებს ემალებოდნენ, რის გამოც მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, ისინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პუშკარევისა და ფედუნოვის ექსტრადიციის მოთხოვნა მას შემდეგ გაიგზავნა, რაც ისინი საქართველოში დააკავეს. უწყების განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი ორგანოების "კოორდინირებული მუშაობის შედეგად", მათი ექსტრადიციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.