ტრამპი პოზიტიურად არის განწყობილი უკრაინისთვის Patriot-ის წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე. ვთხოვეთ დაგვეხმაროს პროცესის დაჩქარებაში | ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოზიტიური მზაობა გამოხატა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭებაზე.
„ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს, დაგვეხმაროს პროცესის დაჩქარებაში. ის ლიცენზიების გაცემის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი“, | განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ გამართა მოლაპარაკებები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელ კომპანია RTX-თან, რომელმაც თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში Patriot-ის სისტემების წარმოების დაწყებას შესაძლოა დაახლოებით ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდეს.
„ჩვენ დავიწყებთ ამ პროექტს. მაგრამ, კიდევ ვამბობ, ზუსტად არ ვიცი, ეს იქნება ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში მომავლისთვისაა - მომავლისთვის, უკრაინისთვის, უკრაინელებისთვის, რათა გვქონდეს Patriot-ის სისტემები. ჩვენ დაგვჭირდება ასეთი რაკეტების საკუთარი წარმოება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენს ანტიბალისტიკურ სისტემას შევქმნით, თუმცა ნებისმიერ ვარიანტში Patriot-ების იმედიც გვაქვს“ | აღნიშნა ზელენსკიმ.